საქართველოში Covid – ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. პარალელურად დღითიდღე იზრდება კოვიდ დადასტურებულთა რიცხვიც, თუმცა ამავდროულად, ყველას გვაინტერესებს, როდის დაუბრუნდება მსოფლიო ჩვეულ რიტმს, როდის შევძლებთ პირბადეების საზეიმოდ მოხსნას და შორს, ძალიან შორს გადაყრას.
მედიცინის ექსპერტები ჩვენსავით არ ჩქარობენ. მათი აზრით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებულად ჩივლის ვაქცინაცია, პირბადე და სოციალური დისტანცია საჯარო თავშეყრის ადგილებში კიდევ დიდხანს იქნება საჭირო.
სპეციალისტების განცხადებით, სამწუხაროდ ვაქცინის გაკეთება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვეულ ცხოვრებას დაუყოვნებლივ დავუბრუნდებით. სანამ ძლიერი იმუნიტეტი გამოგვიმუშავდება, იქამდე ვაქცინა მხოლოდ ერთ-ერთი ძლიერი დამცავი საშუალებაა კოვიდის წინააღმდეგ. იმისთვის, რომ მყარი იმუნიტეტი გამოვიმუშაოთ პლანეტის მოსახლეობის 50%-80% მაინც უნდა იყოს აცრილი, რაც ჯერ-ჯერობით ვაქცინების შეზღუდული რაოდენობის გამო ვერ ხერხდება.
შესაბამისად უკვე ვაქცინირებულ ადამიანებს, პირბადის გარეშე უფრო თავისუფლად შეუძლიათ ისეირნონ იმ ადამიანების ჯგუფთან ერთად ყოფნისას, ვინც ასევე აცრილია. თუმცა საჯარო ადგილებში ყოფნისას, სადაც ყველა აცრილი არ არის, სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმაც უნდა ატარონ პირბადე, რადგან აუცრელი ადამიანი მათთვის რისკის შემცველია.
სპეციალისტები განმარტავენ, რატომ უნდა ატარონ ვაქცინირებულმა ადამიანებმა პირბადე :
- ვაქცინას დრო სჭირდება, რომ ეფექტურად იმოქმედოს – მაგალითად, ადამიანის ორგანიზმი, ფაიზერის, ასტრაზენეკას, მოდერნას ვაქცინების მეორე დოზის გაკეთებიდან, მხოლოდ ორ კვირაში გამოიმუშავებს 95%-ან დაცვას. პირველი დოზის გაკეთების შემდეგ გარკვეული დოზით იმუნიტეტს გამოიმუშავებ, რაც კარგია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ კოვიდისგან სრულად დაცული ხარ. ჯონსონის ვაქცინის შემთხვევაში კი ერთი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ ხარ დაცული.
- ვაქცინა ვერ უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას . მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების ეფექტურობა დაუჯერებლად მაღალია, (თუ გავითვალისწინებთ რა მოკლე დროში შეიქმნა) ისინი მხოლოდ 94%-95%- ან დაცვას გვთავაზობენ. ამ 5%-ის გამო პირბადის გარეშე სიარული კვლავ რისკის შემცველია, რადგან არ ვიცით ვისი იმუნური სისტემა როგორ მუშაობს და არის თუ არა დაცული კოვიდისგან.
- ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა კოვიდის უსიმპტომო გადამტანები იყვნენ. ვაქცინა გვიცავს დაავადებისგან, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ, უშლის თუ არა ხელს გავრცელებას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ვაქცინირებული ადამიანებს შეხვდეთ კოვიდი უსიმპტომოდ და გადასდონ ადამიანებს, ვინც არ არის ჯერ ვაქცინირებული. პანდემიის დაწყებიდანვე, ექსპერტები ყველაზე მეტად უფრთხოდნენ ადამიანებს, ვინც უსიმპტომო იყო და ავრცელებდა დაავადებას. თუ ვაქცინირებული ხალხი არ გააგრძელებს პირბადის ტარებას, მანამ სანამ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, დიდი შანსია, რომ მათ ხელი შეუწყონ ვირუსიის გავრცელებას და ცირკულირებას. იყო ვაქცინირებული, ნიშნავს რომ დაინფიცირების შანსი დაბალია, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ასაცრელად თავის რიგს ელოდება, არ შეუძლია ვაქცინაცია ან სულაც არ სურს აცრა.
- კვლავ უნდა დავიცვათ სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები და ისინი, ვინც ვერ გაიკეთებენ ვაქცინას. ყველამ ვიცით, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანთა უმეტესობას კოვიდი მძიმე ფორმებში ხვდება. რადგან კლინიკური ცდები ამ ადამიანებზე არ ჩატარებულა, არ ვიცით ისეთივე ეფექტურია თუ არა ვაქცინა მათზე. ასევე, ადამიანებს ვისაც ვაქცინაში შემავალ ნივთიერებებზე ალერგია აქვს, არ აქვთ საშუალება აიცრან. თუ ვაქცინის პირველ დოზაზე გამომჟღავნდა ალერგია, ასეთ ადამიანებსაც არ ცრიან მეორედ. ასევე ვერ იკეთებენ ვაქცინას ორსული ქალები, რადგან კლინიკური ცდა არც მათზე ჩატარებულა. თუ შენ ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთებ, მაინც რეკომენდირებულია, რომ მოერიდო მაღალი რისკის მქონე აუცრელ ადამიანებს.
- ვაქცინების რაოდენობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. რადგან ვაქცინების რაოდენობა შეზღუდულია და მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობაა აცრილი, ვირუსის შესაჩერებლად ნიღაბი და სოციალური დისტანცია კვლავ გვჭირდება. მოსახლეობის 70% მაინც უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად ვიცხოვროთ, რაც ამ წელს ვერ მოხერხდება.
ვაქცინაცია არის ძლიერი იარაღი კოვიდის წინააღმდეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ პანდემია დავამარცხეთ. ამ ეტაპზე კვლავ გვჭირდება ვატაროთ ნიღაბი, დავიბანოთ ხელები, თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს და დავიცვათ დისტანცია საჯარო თავშეყრის ადგილებში.
წყარო: https://my.clevelandclinic.org/