პანდემიის პირველივე დღიდან გვეუბნებიან, პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ვირუსისგან დასაცავად მანამ, სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნებაო. ვაქცინაცია უკვე დაწყებულია, თუმცა პროცესის ტემპებს ისეთი პირი უჩანს, ისევ პირბადის იმედზე უნდა ვიყოთ. მაგრამ ქუჩაში რომ გავიდეთ, ვნახავთ, რომ დიდად არც ამ ფლანგზე გვაქვს საქმე კარგად – ფაქტია, NCDC-ს მონაცემების მიხედვით, მარტის თვეში პირბადის გამოყენების მაჩვენებლმა 43%-მდე დაიწია და დღეს სახეზე გვაქვს პანდემიის მესამე ტალღა.
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა როცა გამეორება ცოდნის დედაა . ამჯერად კი უფრო დასაბუთებული არგუმენტებით შევეცდებით, კიდევ ერთხელ, განვმარტოთ, რა შეუძლია პირბადეს ვირუსის წინააღმდეგ.
- მტკიცებულებების ერთი კატეგორია მოდის რესპირატორული წვეთების ლაბორატორიულ კვლევებზე და ნიღბის შესაძლებლობაზე მათ დაბლოკვაში. ექსპერიმენტების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადამიანი მარტივი ფრაზის თქმისას გამოაფრქვევს ასობით წვეთს, 20-დან 500 მიკრომეტრამდე, მაგრამ თითქმის ყველა ეს წვეთი იბლოკებოდა, როდესაც პირი დაფარული იყო ქსოვილით. გრიპით დაავადებული ადამიანების კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქირურგიული ნიღბის ტარება მნიშვნელოვნად ამცირებს რესპირატორული ვირუსების რაოდენობას.
- პირბადის ეფექტიანობაზე უკეთ თავად ეპიდემიოლოგიური მონაცემები საუბრობს. მაგალითად, ამერიკის 15 შტატსა და კოლუმბიის ოლქში შეისწავლეს covid-19-ის ზრდის ტემპები მანამდე , სანამ პირბადის ტარება სავალდებულო გახდებოდა და მას შემდეგ. გამოკვეთა, რომ ამ შტატებში, რეგულაციის შემოღებიდან 5 დღეში, ინფიცირებულთა ყოველდღიური ზრდის ტემპი 0.9%-ით, 3 კვირაში კი 2%-ით შემცირდა.
კვლევები ასევე ჩატარდა 198 ქვეყანაში, სადაც პირბადის ეფექტს გაიზომა სიკვდილიანობასთან მიმართებაში და დადგინდა, რომ იმ ქვეყნებში,სადაც მაღალი კულტურული ნორმები და აქტიური კამპანიები მიმდინარეობდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო.
- ყველაზე საინტერესო კი რეალური შემთხვევებია, რომელიც პირდაპირი საბუთია იმისა, თუ რამდენი ადამიანის გადარჩენა შეგვიძლია პირბადის სწორად ტარებით; მაგლითისთვის ორი ფაქტი განვიხილოთ, რომელსაც University of California San Francisco თავის გამოცემაში აქვეყნებს.
პირველ შემთხვევაში, კაცი ჩინეთიდან ტორონტოში გაფრინდა. ფრენის დროს გამოუვლინდა საეჭვო სიმპტომები, ტესტირების შედეგად კი დაუდასტურდა covid-19. მგზავრს 25 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა იმის გამო, რომ მგზავრს მთელი ეს დროს პირბადე ეკეთა, კონტაქტში მყოფ არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსი.
მეორე შემთხვევა მისურის შტატში მცხოვრებ ორ სტილისტს ეხება, რომელთაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ 140 კლიენტთან. ორივე კოვიდ დადებითი აღმოჩნდა, თუმცა საბედნიეროდ, სტილისტები მუშაობის დროს პირბადეს ატარებდნე და არც ერთ მათ კონტაქტში მყოფ პირს არ დაუდასტურდა ვირუსი.
დაბოლოს, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც მოსახლეობის უკვე 70% ვაქცინირებულია, გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. ჩვენ კი, სანამ ამ შედეგამდე მივალთ, უბრალოდ ვატაროთ პირბადე და თან სწორად, რომ დავიცვათ ჩვენი თავი და გარშემომყოფების ვირუსისგან.
წყარო: UCSF